home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის განცხადება

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის განცხადება საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია დადებითად აფასებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად დამატებით სამი პროფესიული კოლეჯისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მონიშვნა განახორციელონ. აღნიშნული ინიციატივა სრულად ეხმიანება იმ ხედვას, რომელსაც ასოციაცია წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს და ლობირებდა — პროფესიული განათლების აღიარებას, როგორც სკოლისშემდგომი სწავლის გაგრძელების ღირსეულ, თანასწორ და შედეგზე ორიენტირებულ ალტერნატივას. ასეთი მიდგომა ახალგაზრდებს აძლევს უფრო ფართო არჩევანს, უკეთ ერგება მათ ინდივიდუალურ ინტერესებსა და შესაძლებლობებს და ამავდროულად პასუხობს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციისა და ჩარიცხვის კონკრეტული პროცედურები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დაზუსტებული არ არის, ინიციატივის კონცეფცია აშკარად პროგრესულია და პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. საქართველოს კერძო კოლეჯები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, შესთავაზონ დაინტერესებულ ახალგაზრდებს შრომის ბაზარის მოთხოვნებზე დაფუძნებული, სამუშაოზე ორიენტირებული და მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მათ სწრაფ და მდგრად დასაქმებას, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურებზე გაგრძელების შესაძლებლობებს. საქართველოს კერძო კოლეჯებისა და მათ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: gpca.ge 

გაზიარება